ჭიათურაში ერთ-ერთმა მოშიმშილემ პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა, ათამდე მაღაროელი კი შიმშილობას აგრძელებს.
მაღაროელები პროტესტის შეწყვეტაზე უარს ამბობენ, რადგან ჯორჯიან მანგანეზმა ხელფასის გაზრდასა და ძველი სამუშაო გრაფიკის აღდგენაზე უარი განაცხადა.
კომპანიამ გაავრცელა განცხადება და თანამშრომლებს მაღაროების გახსნისა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.
თანამშრომლებს, ვინც შეწყვეტს გაფიცვას და მუშაობას დაიწყებს, ჯორჯიან მანგანეზი 100%-იან სახელფასო ანაზღაურებას დაჰპირდა, ხოლო ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, მათ სპეციალურ სამუშაო რეჟიმს 1-ელ აგვისტომდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის 60%-ს გადაუხდის.
მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიის დაპირება მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და მთავარი მათთვის ხელფასის 40%-ით გაზრდაა.
მაღაროელებსა და კომპანიას შორის მედიაციის პროცესში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. 15 ივნისს ჭიათურაში ჩავიდა და მაღაროელებს შეხვდა სახალხო დამცველიც. მათთან შეხვედრის მიუხედავად, მაღაროელები ამბობენ, რომ შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმას სხვა მაღაროელებმაც მიმართონ.
ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა გაფიცული არიან. ამ დროისთვის ყველა მაღარო გაჩერებულია.