თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში წყალმომარაგების სრულად აღდგენას, მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ამის შესახებ კომპანია GWP-ის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მერიაში დღეს სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც დაზიანებულ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.
ამჟამად წყალი გრაფიკით მიეწოდება 63 ატასამდე აბონენტს. მათთვის კომპანიამ სპეციალური რეჟიმი შემოიღო. GWP-ის ცნობით, აღნიშნულ აბონენტებს გრაფიკის შესახებ ინფორმაციას, თუ რა პერიოდში ვინ მიიღებს წყალს, მიაწვდიან როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ისე SMS-ების სახით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.
„დღეის მდგომარეობით, 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 ათასი აბონენტი მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე სასმელ წყალს მიიღებს გრაფიკით. სწორედ ეს ვადა იქნება საჭირო, რომ სრულად აღდგეს არსებული მდგომარეობა“, – თქვა ბენდელიანმა.
თბილისის წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი