თბილისის მერიამ ხელშეკრულებები შეუწყვიტა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ორ კონტრაქტორს – მილენიუმ ბილდერ გრუპსა და ერ ტე დეს.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პერიოდულად ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა, რომ წერეთლის გამზირზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, „ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე”.
დედაქალაქის მერიამ გამზირის რეაბილიტაციისთვის ხელახლა გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა 17.7 მილიონი ლარის ოდენობით.
წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება სულ დედაქალაქის ბიუჯეტს 31 მილიონ ლარამდე უჯდება.
თბილისის მერი კახი კალაძე ამ დრომდე აცხადებდა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდებოდა.
მერიის ცნობით, გამარტივებული შესყიდვის პირობის თანახმად, ახალმა კონტრაქტორმა პროექტი 31 იანვრამდე უნდა დაასრულოს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში მითითებულია, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით NAT 230001040, NAT 230001041, NAT 230001042 აღებულ იქნა ვალდებულება, ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებით ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ”-თან (ს/ნ: 400118047) დადებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულებები: N01.01.01/30/84, N01.01.01/30/85 და N01.01.01/30/86).
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან, ობიექტზე შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით. გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებული სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას. გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდეს ოპტიმალურ ვადაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების ზომები ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილებით მოსარგებლე პირებისთვის, ამასთან, არ გახდეს საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსები, მექანიკური დაზიანებებით მიღებული დეფექტების გამოსწორებაზე,”.