საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის საშუალო რეალური ზრდა 7.6% იყო.
ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.
ცნობისთვის, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
წელს მშპ-ს 5%-მდე ზრდა ელოდება ეროვნული ბანკი.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წელს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 10.1% შეადგინა, რაც ქვეყანაში მიგრანტების ნაკადის ზრდით გამოწვეულმა ტურისტულმა შემოსავლებმა, ფულადმა გზავნილებმა, უძრავი ქონების გაყიდვებმა და სხვა პროდუქტებზე მოთხოვნის მატებამ განაპირობა.