ე.წ. საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონში ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.
ცვლილება ე.წ. ურჩი გადამხდელის ბინიდან გამოსახლების უფლების აღსრულების ბიუროსთვის გადაცემას ითვალისწინებს.
კერძოდ, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებას დაემატება ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, განახორციელებს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულებას.
შეგახსენებთ, დღეს მოქმედი კანონით, ქირის/იჯარის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის ბინიდან გამოსახლების უფლება პოლიციას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და მას საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიისთვის შეიტანენ.
მინისტრის განმარტებით, კანონში ცვლილებებით, მოსახლეობას გაუმარტივდება ის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც ქირასა და იჯარას უკავშირდება.
„თუ ბინაში ცხოვრობს ადამიანი ქირით, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, მისი გამოსახლების პროცესი ბევრად შემოკლდება და თვეებში დასრულდება”, – ამბობს რატი ბრეგაძე.
მისივე თქმით, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, გამოსახლებას აღსრულების პოლიცია განახორციელებს.
დღეს მოქმედი კანონით, თუ დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, ბინის მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაჭიანურებული პროცესია. რიგ შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება.