პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ საჭიროა მოცდა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია უნდა გასცეს.
„დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია და კონტაქტი ამ წამლის (ვოსორიდიტი) მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ მედიკამენტით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით პროგრამაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ისე წარმოაჩინეს საკითხი, თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობამ, ყველაფერი შეიცვლება, სინამდვილეში კი, ამ მედიკამენტის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ბავშვების ჯანმრთელობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი მდგომარეობა, როცა დიაგნოზის მქონე ბავშვების სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.
„თქვენ იცით, რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც ეს მედიკამენტი გამოიგონეს, ჯერ არ აფინანსებს ამ მედიკამენტს. ანუ ჯერ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი. დიდი ბრიტანეთი არის მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ამ პროექტის დაფინანსება და შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე, მე აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს.
ასევე, ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვეყრდნობით მათ ინსტრუქციებს და მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.