ჩინეთში ახალი ბინების ფასები ივლისში, წინა წელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2015 წლის ივნისის შემდეგ. მონაცემები გაუარესებულია ივნისთან შედარებითაც, როცა 4.5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ უძრავი ქონების სექტორის ფინანსური მხარდაჭერა უშედეგო აღმოჩნდა – ფასების სტაბილიზაცია და ნდობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
უძრავი ქონების ბაზრის ხანგრძლივმა ვარდნამ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა. ანალიტიკოსების თქმით, 2024 წელს ჩინეთში მშპ-ს ზრდა შესაძლოა 5%-ზე ნაკლები იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა.
პეკინი სულ უფრო მეტად ზრდის უძრავი სექტორის ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის მიმართავს იპოთეკური სესხების განაკვეთებისა და ბინების შესყიდვის ხარჯების შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სექტორი, კრიზისის დაწყებამდე, ქვეყნის ეკონომიკის მეოთხედს ქმნიდა.