ჩინეთში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში პირველი მეოთხე თაობის ატომური ელექტროსადგური. ის მაღალტემპერატურული გაგრილების რეაქტორით არის აღჭურვილი.
როგორც CGTN წერს, პროექტზე ჩინეთს დამოუკიდებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლება აქვს.
ის ერთობლივად შეიმუშავეს China Huaneng Group-მა, ქვეყნის წამყვანმა უნივერსიტეტმა – Tsinghua University და China National Nuclear კორპორაციამ.
Huaneng Group ჩინეთში ელექტროენერგიის ხუთ უმსხვილეს სახელმწიფო მწარმოებელს შორისაა.
ატომური ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 200 000 კილოვატია.
ელექტროსადგური, სტაბილურად მუშაობის 168-საათიანი ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, ოფიციალურად შევიდა კომერციულ ექსპლუატაციაში.
ელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და ელექტროენერგიის პირველი ნაკადი 2021 წლის დეკემბერში გამოიმუშავა.
ელექტროსადგურს უსაფრთხოების ძლიერი ინდიკატორები გააჩნია რადიოაქტიური მასალების დნობის ან გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ამ უნარის შენარჩუნება მას შეუძლია გაგრილების სიმძლავრის სრული დაკარგვის შემთხვევაშიც, სპეციალისტების ჩარევის გარეშე.
პროექტში მონაწილეობა 500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო დიზაინის, საინჟინრო, მშენებლობის, აღჭურვილობის წარმოებასა და ექსპლუატაციის მიმართულებით.
ელექტროსადგურში დამონტაჟებული HTGR რეაქტორი (High Temperature Gas-Cooled Reactor) მოწინავე ტიპისაა. ის მეოთხე თაობის ატომური ენერგიის ტექნოლოგიებს იყენებს და ავარიების შემთხვევაში მაღალი საიმედოობა ახასიათებს.
სუფთა ელექტროენერგიის წარმოების გარდა, ბირთვული რეაქტორების მიერ წარმოქმნილი ორთქლი ასევე, შეიძლება, გამოყენებული იყოს გათბობის, წყალბადის წარმოებისთვის, ქიმიური მრეწველობაში, მეტალურგიასა და სხვა ინდუსტრიებისთვის.