ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ Shanghai Spacecom Satellite Technology (SSST) წარმატებით განათავსა 18 თანამგზავრი ორბიტაზე, რითაც დაიწყო მისი კოსმოსური პროექტი, რომლითაც ცდილობს კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს Starlink-ს.
თანამდზავრების გაშვება განხორციელდა ტაიუანის სატელიტური ცენტრიდან, რომელიც ჩრდილოეთ შანქსის პროვინციაშია. ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ორბიტაზე 12,992 თანამგზავრს გაუშვებს.
პროექტს ჩინეთის მთავრობა აფინანსებს და ამით ცდილობს დაუპირისპირდეს SpaceX-ის გაფართოებას, რომელსაც დაახლოებით 5,500 თანამგზავრი აქვს და თითქმის სრულად უზრუნველყოფს მომხმარებლების, ბიზნესის და სამთავრობო უწყებების გლობალურ ინტერნეტ დაფარვას.
2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინის ომმა გამოავლინა Starlink-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ბრძოლის ველზე კომუნიკაციებში, ჩინეთი ხაზგასმით მიუთითებს რომ Starlink საფრთხეს უქმნის ჩინეთის ინტერესებს.
ჩინური მედია Starlink-ს და SpaceX-ს ახასიათებდნენ, როგორც “კოსმოსური ჰეგემონიის” კონტრიბუტორებს, რომლის მეშვეობით შეერთებული შტატები ცდილობს “ცალმხრივი კოსმოსური სამხედრო უპირატესობის” მოპოვებას.
მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-მა თებერვალში განაცხადა, რომ შეწყვიტა ტექნოლოგიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება, უკრაინელმა სამხედროებმა თქვეს, რომ იყენებდნენ სატელიტურ პროგრამას დრონების საარტილერიო სიზუსტისთვის.
2022 წლის დეკემბერში SpaceX-მა ახალი პროექტის გაშვების გეგმა გაამჟღავნა, სახელწოდებით Starshield. ჩინეთი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ნიშნავს სათვალთვალო კამერების ქსელის დაყენებას მთელს მსოფლიოში.