ჩინეთი აგრძელებს ხორბლის იმპორტის გაზრდას, თუმცა, მის მომწოდებლებს შორის რუსეთის წილი მინიმალურია. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, ხორბლით ვაჭრობას რამდენიმე მიზეზი აფერხებს, მათ შორის, ფიტოსანიტარიული რეგულაციები და ტრანსპორტის საკითხები.
„პეკინის მიერ რუსეთიდან ენერგორესურსებისა და ალუმინის შესყიდვები, სანქციების მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა, რამაც დასავლეთიდან სხვადასხვა საქონლის მიწოდება შეამცირა. ჩინეთის მიერ რუსეთიდან განხორციელებულ შესყიდვებში ხორბალი გამონაკლისია”, – წერს მედია.
ჩინეთის ხორბლის მთლიანი იმპორტი წლის პირველ ოთხ თვეში 60%-ზე მეტით გაიზარდა და დაახლოებით 6 მილიონ ტონას შეადგენდა. აქედან რუსეთიდან მხოლოდ 30 000 ტონა შემოვიდა, რაც მთლიანი მოცულობის 0,5%-ია.
ჩინეთს ყველაზე მეტ ხორბალს ავსტრალია აწვდის – თითქმის 60%-ს, იმპორტის კიდევ 18% კანადას უკავია.
ხორბლისა და ხორცის მიწოდების საკითხებს სავარაუდოდ განიხილავენ ჩინეთში ბიზნესფორუმზე, რომელსაც რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.