ჩინეთის საგარეო ვაჭრობა ივნისში, წინა წელთან შედარებით, 12.4%-ით დაეცა.
სავაჭრო ბრუნვა შესუსტდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკებმა ინფლაციის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს. ამან სამომხმარებლო მოთხოვნის გლობალური კლება განაპირობა, რაც ჩინური პროდუქციის გაყიდვებსაც დაეტყო.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა საბაჟო მონაცემებმა აჩვენა, რომ ივნისში იმპორტი 6.8%-ით შემცირდა და $214.7 მილიარდი შეადგინა. ექსპორტი ოდნავ გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და ჯამში $285,3 მილიარდი შეადგინა.
წელს, 6 თვეში, ჩინეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობა, იმპორტისა და ექსპორტის ჩათვლით, წინა წელთან შედარებით, თითქმის 5%-ით არის შემცირებული. ექსპორტი დაეცა 3.2%-ით, ხოლო იმპორტი – 6.7%-ით, რადგან ნავთობზე ქვეყნის შიგნით მოთხოვნა შემცირებულია.
ჩინეთიდან ექსპორტი შეერთებულ შტატებში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 23,7%-ით, $42,7 მილიარდამდე, რაც ექვსთვიანი მინიმუმია.
ხოლო ამერიკული საქონლის იმპორტი 4,1%-ით ნაკლებია და $14 მილიარდს შეადგენს.
ვაჭრობა შეამცირა ვაშინგტონთან დაძაბულობამ, რასაც პროცესორების ჩიპებსა და სხვა ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვა მოჰყვა.
ჩინეთში ვარაუდობენ, რომ მოთხოვნის გლობალური ვარდნის გამო, ექსპორტის კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აპრილში მთავრობამ ექსპორტიორების მხარდასაჭერად, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა და დაიწყო ელექტრონული კომერციის წახალისება. ხუთთვიანი კამპანია ასევე მიზნად ისახავს ვაჭრობის ხელშეწყობას ლოგისტიკის გაუმჯობესებით და ექსპორტიორებისთვის ხარჯების შემცირებას.