რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის – თემურ მღებრიშვილის თქმით, ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში იპოვეს.
მისივე თქმით, გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშრებით აღმოჩენილია, ადამიანის ქვედა კიდურიც.
„აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური. მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მინდა დავამატო, რომ მონიტორინგი მდინარეზე პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე. ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიანი პერიმეტრის მონიტორინგზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რაჭაში, შოვში, სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი. 11 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.