სახელმწიფო სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროს გაკონტროლებას იწყებს. შესაბამისი კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა.
ჯანდაცვის მინისტრის –ზურაბ აზარაშვილის თქმით, შეიქმნება რეესტრები, სადაც დაფიქსირებული იქნება, ვინ იყო დონორი და სუროგატი.
„შეუძლებელია, ადამიანის შექმნას, გასხვისებას, გაყიდვას, თუ არ ვიცი, ამას რა შეიძლება ვუწოდოთ, ვადევნებდეთ თვალყურს და არანაირი ბერკეტი, მექანიზმი, კანონმდებლობა არ გვქონდეს.
ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში წინა კვირაში გადავაგზავნეთ, ყველა იმ საჭიროებებს ითვალისწინებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს მოქალაქეებთან. ყველა ცვლილება გატარებული იქნება. შეიქმნება რეესტრები და მოხდება სრული პროცესის კონტროლი, დონორების მოპოვებიდან, სუროგაციის ჩათვლით. ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება. შესაბამისად, ზუსტად გვეცოდინება რომელი დონორი რომელი ბავშვის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, სუროგატი ვინ იყო, რომ წლების მერე ძალიან მძიმე შედეგებამდე არ მივიდეთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.