„ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე”,– ასე მიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხს ევროკავშირის ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკიმ მათ ქართულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ ევროკავშირისკენ კურსი.
„ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს”,- აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც საქართველოში თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო.
„მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. სხვადასხვა დროს მათი სიმამაცისა და თავდაბების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მან ასევე მოუწოდა ქართველ ხალხს არ გადაუხვიონ არჩეული გზიდან.
„ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.