გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რთველი 2023-ის სუბსიდირებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელსაც განახორციელდება რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება. თუმცა, სუბსიდიის თანხა შემცირებულია.
„სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0.90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითლისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0.20 ლარს“, – წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.