აშშ-ში ეკონომიკის შენელების შიშით გლობალური ბირჟების ინდექსები ეცემა. ტექნოლოგიური აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, დოლარი შესუსტდა, ობლიგაციები და იენი კი გამყარდა.
აშშ-ს მოსალოდნელზე უფრო გაუარესებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში რეცესიის რისკი გააჩინა.
რამ გამოიწვია იაპონური ბირჟის რეკორდული ვარდნა
იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 12.4%-ით დაეცა, 31,458 პუნქტამდე, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ.
იაპონიის ბაზარი „შეშფოთებულია” ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთების ზრდის შემდეგ. ინვესტორები ფიქრობდნენ, რომ შიდა ეკონომიკა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ განაკვეთის ზრდას „გაუძლოს”.
იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა წინა კვირას რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე აიწია.
იაპონიაში ინფლაცია ივნისში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, ხოლო ეკონომიკა შემცირდა წლის პირველ სამ თვეში სუსტი იენისა და შემცირებული სამომხმარებლო ხარჯების გამო.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში იაპონური ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 10%-ზე მეტი გამყარდა. ძლიერი იენი აძვირებს იაპონურ საქონელს და, შესაბამისად, მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის პოტენციური უცხოელი მყიდველებისთვის.
ვარდნა ევროპაში
ვარდნით დაიწყეს სავაჭრო დღე ევროპულმა ბირჟებმაც. მათი ინდექსები ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვიდა იანვრის შემდეგ და ზედიზედ მესამე დღეა ზარალს განიცდიან.
იტალიის FTSE Mib, გერმანიის DAX, საფრანგეთის CAC 40 და ესპანეთის Ibex 35 ვარდნას განიცდიან.
ასევე დაეცა ტაივანის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ავსტრალიის, ჰონგ კონგის და შანხაის საფონდო ბაზრები.
ყველაზე მეტად საბანკო აქციები დაზარალდა.
ევრო დოლართან მიმართებაში 1,0950-მდე გაიზარდა, რაც 2024 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი დონეა.
იაპონური იენის კურსი ზედიზედ მეხუთე დღეა იმატებს აშშ დოლართან მიმართებაში.
რა ხდება ამერიკის ეკონომიკაში?
ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში საწარმოო აქტივობა ივლისის თვეში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა.
ტექნიკური გიგანტების კვარტალური შედეგები არაერთგვაროვანია, რის გამოც S&P 500 ინდექსი ზედიზედ მესამე კვირაა იკლებს. ორშაბათს, 5 აგვისტოს, ვაჭრობის დაწყებისას S&P 500 დაახლოებით 3.7%-ით დაეცა. ეკონომისტების შეფასებით, აქციების ბაზრის მერყეობის მაჩვენებელი, ისტორიულად, მიუთითებს, რომ S&P 500 შესაძლოა მოკლევადიანი ფსკერისკენ მიიწევდეს.
Nasdaq-ის ინდექსი, რომელიც უამრავ ტექნოლოგიურ ფირმას მოიცავს და გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, წინა კვირას დაახლოებით 10% -ით დაეცა.
აღსანიშნავია, უორენ ბაფეტის მიერ Apple-ში მისი წილის თითქმის ნახევრის გაყიდვა, რაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მომგებიანობის მოსალოდნელ კლებაზე მიანიშნებს.
მოსალოდნელზე უარესი ეკონომიკურმა მონაცემების ფონზე ინვესტორები უსაფრთხო აქტივებს ეძებენ. ისინი ფსონებს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე დებენ, რაც სექტემბერშია მოსალოდნელი.
ტრეიდერები სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთის 50-პუნქტით კლებას,ხოლო ნოემბერსა და დეკემბერში კიდევ 25 საბაზისო პუნქტით შემცირებას ელოდებიან.