Citigroup-მა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ საბანკო გიგანტისთვის 2023 წელი ყველაზე რთული იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში.
ფინანსური პრობლემების გამო Citigroup 20,000-მდე თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს.
მასშტაბური შემცირება კომპანიის ზარალმა განაპირობა. 2023 წლის ბოლო სამ თვეში საბანკო გიგანტმა $1,8 მილიარდის ზარალი განიცადა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 15 წლის განმავლობაში.
2023 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 38%-ით შემცირდა და ჯამში $9.2 მილიარდი შეადგინა. გასული წლის ბოლო კვარტალში კი ბანკის მოგებამ წლიურად 20%-ზე მეტად დაიკლო.
ზარალი გამოიწვია გაზრდილმა ხარჯებმა და $800 მილიონის რესტრუქტურიზაციამ, რაც უკავშირდება რუსეთის ბაზრიდან გასვლას და არგენტინის პესოს დევალვაციას.
Citigroup-მა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის აგვისტოში განაცხადა. იმ დროისთვის მისი რუსული აქტივები დაახლოებით $10 მილიარდს შეადგენდა. ბანკს რუსეთიდან გასვლა $170 მილიონი დაუჯდა. 2022 წლის დეკემბერში ბანკმა რუბლში დენომინირებული სამომხმარებლო სესხების პორტფელი Uralsib Bank-ს მიჰყიდა.
პერსონალის შემცირების შედეგად ბანკი 2026 წლისთვის $2,5 მილიარდამდე დაზოგავს.
Citigroup 2025-2026 წლებში თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 180 000-მდე შემცირებას გეგმავს.
ნოემბერში ბანკმა 300-ზე მეტი უფროსი მენეჯერის პოზიცია გააუქმა.