ყაზახეთი აპირებს გაზარდოს ნედლი ნავთობის ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენით. ამის შესახებ Reuters წერს.
ამჟამად, ყაზახური ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის ალმასადამ სატკალიევის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ექსპორტი შეიძლება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზარდოს, ამჟამად არსებული 1,5 მილიონიდან, რადგან ქვეყანა ზრდის ნავთობის მოპოვებას.
„არის ინტერესი თანდათან გაიზარდოს ყაზახური ნავთობის მიწოდება, როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა სატკალიევმა ყაზახეთის პარლამენტში გამოსვლისას.
ყაზახეთი მიმდინარე წელს ნედლი ნავთობის წარმოების 88,4 მილიონ ტონამდე (1,82 მილიონი ბარელი დღეში, OPEC+-ის ვალდებულებების შესაბამისად) გაზრდას გეგმავს.
2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყაზახეთმა OPEC+-ის მიერ განსაზღვრულ ნავთობის მოპოვების ლიმიტს გადააჭარბა. თუმცა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გაერთიანების თანახმად, ზედმეტად წარმოებული მოცულობა სრულად იქნება კომპენსირებული მომდევნო 15 თვის განმავლობაში.