ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის – ალიხან სმაილოვის თბილისში ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის გაზრდაზე ქართულ მხარესთან შეთანხმებაა.
კონკრეტულად, ყაზახეთს ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო და ყაზახეთი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მათი პოზიციები თანხვედრაშია.
ყაზახეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალით ტვირთბრუნვა 2022 წელს 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვებმა 30%-ით მოიმატა.
„გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვამუშავებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და ერთობლივი მუშაობით დაბრკოლებების მოსახსნელად“, – განაცხად ალიხან სმაილოვმა.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყაზახეთი მზად არის კასპიის და შავი ზღვის აუზების გავლით სხვადასხვა მარშრუტის ასათვისებლად, საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის. მას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია, სატვირთო გადაზიდვების მიზნით, ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოყენება.