2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 51,7%-ით შემცირდა. ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 2 თვეში თაფლის ექსპორტის 86% სწორედ ევროკავშირის 2 ქვეყანაზე – საფრანგეთსა და ჩეხეთხე მოდიოდა. შარშან იანვარ-თებერვალში საფრანგეთში $116,01 ათასის თაფლი გავიდა, ჩეხეთში კი $38,33 ათასის.
როგორც თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალეკო პაპავამ განაცხადა, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული თაფლის დეფიციტია.
„პრობლემა ის არის, რომ თაფლი არ გვაქვს და ამიტომაც არის დეფიციტი. მაისში ველოდებით ახალ მოსავალს და ივნისიდან ევროკავშირში თაფლის ექსპორტი განახლდება“, – აღნიშნა პაპავამ.
მისი თქმით, მოსვლიანობა ძირითადად კლიმატზეა დამოკიდებული.
„შარშან აკაციისა და წაბლის ყვავილობას დაემთხვა წვიმები, შესაბამისად, თაფლის მოსავალი ვერ მივიღეთ ისეთი და იმდენი, როგორც ვფიქრობდით, შედეგიც ლოგიკური იყო – 2022-ში ექსპორტი 247 ტონაზე მეტი გვქონდა, ხოლო 2023 წელს 110 ტონამდე. ევროკავშირი ძირითადად ამ ორი სახეობის თაფლით არის დაინტერესებული.
რაც შეეხება კანადას, იაპონიას, აქ ძირითადად ბრენდირებული პარტიები გავიდა და წელს ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 14 ტონას შეადგენს“, – განაცხადა მან.
ალეკო პაპავამ ფასზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს დაახლოებით 10-15%-იან გაძვირებას ელოდებიან.
„თაფლის ფასი მოსავლიანობაზე არის დამოკიდებული: თუ მოსავლიანობა დიდია, ფასი მცირდება, ხოლო თუ მოსავალი ცოტაა – გაიზრდება. ბაზარზე მოთხოვნა დიდია და ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, შესაბამისად ფასებიც გაიზრდება“, – აცხადებს პაპავა.