მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით მცენარეულ ცხიმს შეიცავს, ქართულ ბაზარზე ყველაზე ცოტა 260%-იანი ფასნამატით იყიდება.
საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოში იმპორტირებული იქნა $622.86 ათასის ღირებულების 335.62 ტონა ავოკადო, ერთი კილოგრამის საშუალო ფასი $1.85.
დღევანდელი კურსით, ქართულ ბაზარზე შემოტანილი ავოკადო (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 5 ლარი გამოდის, სუპერმარკეტებში კი კილოგრამის საშუალო ფასი 18 ლარიდან იწყება და 26 ლარამდეც კი ადის. შესაბამისად, გამოდის, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ავოკადო მინიმუმ 260%-იანი ფასნამატით იყიდება.
რაც შეეხება იმპორტირებულ ქვეყნებს, ავოკადოს საქართველო ყიდულობს თურქეთსა და ნიდერლანდებში.
წელს ორ თვეში თურქეთიდან იმპორტით შემოვიდა $377.13 ათასის ღირებულების 270.57 ტონა ავოკადი, ერთი კილოგრამის საშუალო ფასი $1.40 დოლარი, ნიდერლანდებიდან იმპორტმა კი შეადგინა $245.40 ათასი, ჯამში 65.03 ტონა, საშუალო ფასი კილოგრამზე კი $3.78 იყო.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, რაოდენობრივად საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 80.6% თურქეთზე მოდის, შესაბამისად, საბაზრო ფასის ფორმირებაშიც თურქული იმპორტის გავლენა უფრო მაღალი უნდა იყოს, რაც რეალურად არ ჩანს.