ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო, ხალხის ძალა და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტიდან უკან გაიწვევენ.
განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ „სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა“, კანონპროექტს „მიაკერეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი“ და პირველი მოსმენით მისი მიღება „საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს“, ხოლო „რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ”, ამიტომ მათ, მშვიდობის შესანარჩუნებლად, მიიღეს კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება.
როგორც განცხადებაში წერია, ისინი, ემოციური ფონის ჩაცხრობის შემდეგ, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. ამასთან, დაიწყებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან და გააგებინებენ სიმართლეს კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით.