2022 წელს ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის შემოწირულება მიიღო. ამ თანხის ნახევარი 370 ათასი ლარი მმართველი პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხა, მეორე ადგილზეა კონსერვატიული მოძრაობა (ალტ-ინფო) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – ლელო საქართველოსთვის 151 337 ლარით. პარტიების შემომწირველთა კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ჩაატარა.
ვინ შესწირა თანხა ქართულ ოცნებას
კვლევამ აჩვენა, რომ დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მსხვილი ბიზნესჯგუფები არიან.
2022 წლის დეკემბერში გიორგი და ჯემალ ჭყონიებმა და მალხაზ დუმბაძემ ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი შეწირეს. მათ 2016 წლიდან მმართველი პარტიისთვის სასარგებლოდ 555 ათასი ლარი აქვთ გაღებული. ისინი ამ პარტიას თანხას არჩევნების წინ, ერთი და იგივე დღეს ურიცხავდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გიორგი ჭყონია და მალხაზ დუმბაძე გამოირჩეოდნენ, მაშინდელ მმართველ პარტიასთან აფილირებულ ორგანიზაციას – საქართველო არ იყიდებას – 75 ათასი ლარი შესწირა.
ეს პირები, ერთმანეთთან საერთო ბიზნეს ინტერესებით, კერძოდ შპს ფიგოილის და შპს გზის მეშვეობით არიან დაკავშირებული. შპს გზას, რომლის 100%-ის მესაკუთრე გიორგი ჭყონია, ხოლო დირექტორი მალხაზ დუმბაძეა, 222 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული და 9.5 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიღებული. მოგებული ტენდერების თითქმის ნახევარი(102 მილიონი ლარის), უკანასკნელ 4 თვეზე მოდის. ამავე პერიოდში ჭყონიას სხვა კომპანიებს, შატო კვირიკეს და ბათუმი ცენტრალს გამარტივებული შესყიდვით 51 112 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებშიც, აწარმოე საქართველოდან 153 066 ლარი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიდან 181 237 ლარი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან -201 735 ლარი.
2022 წლის 25 ნოემბერს ჯონი ჯინჭარაძემ და მარინა დეხტიარევმა ქართულ ოცნებას ჯამში 40 ათასი ლარი შესწირეს(თითოეულმა 20 ათასი). ისინი კომპანია ეიჩ გრუპ სერვისისთან და ეიჩ გრუპ დეველოპმენტთან არიან დაკავშირებული. დეხტიარევი ეიჩ გრუპ დეველოპმენტის დირექტორია, ჯინჭარაძე ეიჩ გრუპ სერვისისის დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია ერთ მისამართზეა რეგისტრირებული და მათი მთავარი მეწილეები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან (სულ 6 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორივე კომპანიის პარტნიორია 40% და 50%-იანი წილებით).
შპს ეიჩ გრუპ დეველოპმენტი ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს და სწორედ შემოწირულების განხორციელების პერიოდში პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის საკრებულოსთვის იყო გადაგზავნილი დასამტკიცებლად, რომელიც 12 დეკემბერს საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
ირღვევა თუ არა კანონი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შესაბამისი ორგანოების მხრიდან დეტალურ შესწავლას საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უნდა გაირკვეს, შეწირული თანხა რეალურად ეკუთვნოდათ დეხტიარევს და ჯინჭარაძე თუ მშენებელი კომპანიის მეწილე რუსეთის მოქალაქეებს. აგრეთვე უნდა გაირკვეს, შემოწირულების მიზანი იყო თუ არა მშენებლობის ნებართვის მოპოვება.
კვლევის ავტორების განცხადებით, გარდა შესაძლო კორუფციული სქემის არსებობისა, იკვეთება კანონის დარღვევის სხვა ნიშნები. კერძოდ, კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც სხვა პირების მეშვეობით შემოწირულების გაღება, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ პარტიის დაფინანსება.
2022 წლის 4 და 6 ოქტომბერს ჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას გივი ლებანიძემ, დავით გალუაშვილმა და მანანა ნადირაძემ. ისინი ქართუ ჯგუფთან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კერძოდ, გალუაშვილი ქართუ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლებანიძე – დირექტორი, ხოლო ნადირაძე – ყოფილი დირექტორი. მათ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მმართველი პარტიისთვის 28-ჯერ, ჯამში 800 ათასი ლარამდე აქვთ შეწირული.
- საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს. წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 ათასი ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.
- საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია.