ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ”, – თქვა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს საერთო დღის წესრიგი აქვთ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.
კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად, რასაც მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია. ეს საკმარია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების გასაკეთებლად. ხოლო პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, მისი ადმინისტრაციის განცხადებით, მიზნად ისახავდა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას.
30 აგვისტოს გავრცელებულ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, არაბთა საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზე.
უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში გაემგზავრა და გუშინ, გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა.