„ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დაბალია, რის შედეგადაც ქართველი მომხმარებელი ზარალდება, ამიტომ, საბითუმო ბაზარზე, წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია.“ – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა გააკეთა.
ევროკავშირის ექსპერტის განმარტებით, ქართველი მომხმარებლები ძირითადად დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობენ, რაც ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობას უკავშირდება და საბითუმო ბაზრის ანალიზისას წინასწარი რეგულაციის საჭიროება არსებობს.
დომაგო იურიევიჩის თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია და საცალო ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის, საჭიროა რეგულაციები დაწესდეს.
„რაც შეეხება სარეგულაციო ვალდებულებებს, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევეცადეთ, სხვადასხვა პირობების მიხედვით განგვესხვავებინა ვალდებულებები. სამ ჯგუფად დავყავით საქართველოს დასახლებები. პირველ კლასტერში მოქცეულ დასახლებებს ესაჭიროება სრული რეგულირება, მეორე კლასტერს სჭირდება შედარებით მსუბუქი რეგულირება, ხოლო მესამე კლასტერს – მსუბუქი რეგულირება. ანალიზის მიხედვით, მესამე კლასტერში მოექცა მხოლოდ 9 დასახლება, სადაც სახეზეა კონკურენტული გარემო და დაკმაყოფილებულია კონკურენციის ყველა პირობა. საქართველოს სხვა დასახლებებში კი საჭიროა გარკვეული რეგულაციების დაწესება, რომლებიც ხელს შეუწყობს საცალო ბაზარზე კონკურენციის განვითარებას”,- აღნიშნა დომაგო იურიევიჩმა.
მისვე თქმით, კომუნიკაციების კომისია განახორციელებს კონკურენციის განვითარების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დასახლებაში შეიცვლება კონკურენტული გარემო და დაკმაყოფილდება მათ მიერ განსაზღვრული 3 კრიტერიუმი, აღნიშნული დასახლება რეგულირების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.