ფქვილის იმპორტზე გადასახადი 50 ლარით იზრდება. განაკვეთი 1 ტონაზე 250 ლარი იქნება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ განაცხადა, გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება არასტანდარტული ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს – ხორბლის ღირებულება მზარდია, რასაც მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური ფასები და ლოგისტიკური ხარჯების მატება განაპირობებს.
საიმპორტო გადასახადი დაწესდება ქერსა და ქატოზეც 100 ლარის ოდენობით, რადგან მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე წელს ცუდი კლიმატური პირობების გამო „შედარებით მეტია იმ ხორბლის რაოდენობა, რომელიც საფურაჟედ გამოიყენება, შესაბამისად, საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება”.
თენგიზ ნასარიძის განმარტებით, ეს მექანიზმი 1-ელ მარტამდე იმოქმედებს და ის დაეხმარება ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის იმ ფასად რეალიზებაში, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება.
მისი თქმით, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდა არ იმოქმედებს პურის ფასზე, პურის გაძვირების რისკი არ არსებობს. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას.
„დავაკვირდებით ვითარებას და ჩარევის თუ რაიმე საჭიროება იქნება ან მანამდე ან მას შემდეგ, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, –განაცხადა ნასარიძემ.