უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის მიუხედავად, მას შინამეურნეობებზე მცირე გავლენა აქვს. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.
კვლევის თანახმად, 2022 წელს, ფულადი გზავნილების მოცულობის 86%-იანი ზრდის მიუხედავად, თანხის მიმღები ოჯახების საშუალო თვიური ფულადი გზავნილები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2012-2022 წლებში საქართველოში ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების საშუალო თვიურმა შემოსავალმა 1,398 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით აღემატება ფულადი გზავნილების არმიმღები შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავალს.
ფულადი გზავნილების მიმღებ ოჯახებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ოჯახები, რომლებსაც უცხოეთიდან გადმორიცხვები არ აქვთ, შემოსავალს უფრო მეტად დაქირავებული დასაქმებიდან იღებდნენ.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტების ოჯახის წევრების დასაქმების მოტივაციაზე. ან, შესაძლოა, რომ ამ შინამეურნეობებში შრომისუნარიანი წევრები ემიგრაციაში არიან.
გასულ ათწლეულში საშუალო თვიური დანახარჯების შედარება იმ შინამეურნეობებს შორის, რომლებიც იღებენ ფულად გზავნილებს და რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს, ცხადყოფს, რომ ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახები თავიანთი მოხმარების 4%-ით ნაკლებს უთმობენ ძირითად საჭიროებებს იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს.
ამის საპირისპიროდ, ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები დანახარჯების 5%-ით მეტს გამოყოფენ დანაზოგებზე, ფულის გასესხებასა და ქონების შეძენაზე.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, ქმნიდეს შემოსავლის ნამატს მიმღები შინამეურნეობებისათვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ მეტი მოქნილობა და მეტი სახსრები მიმართონ ფულის დაზოგვასა და ქონების შეძენაზე.