ფინეთის სასამართლომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ იმ ტანკერის დაპატიმრების ნებართვა გასცა, რომელმაც წინა კვირას ბალტიის ზღვის ფსკერზე ენერგეტიკული და ოთხი საკომუნიკაციო კაბელი დააზიანა.
პოლიციამ ტანკერი Eagle S, რომლის ღუზის კვალს ფინელმა სამართალდამცავებმა ზღვის ფსკერის დათვალიერებისას მიაგნეს, 28 დეკემბერს დააკავა. გემი, რომელიც დუბაის კომპანია Caravella LLC-ს ეკუთვნის, კუკის კუნძულების დროშით დაცურავდა. ის რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” შემადგენლობაშია და მას რუსული ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. ახლა ის სამხრეთ ფინეთის პორტშია დაპატიმრებული. გამოძიება ქონების დაზიანებისა და საკომუნიკაციო სისტემებში ჩარევის ბრალდებით მიმდინარეობს.
Eagle S-ის კაპიტანი იყო საქართველოს 39 წლის მოქალაქე დავით ვადაჭკორია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა “მნიშვნელოვანი ისტორიები” აქვეყნებს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ოქტომბერში დანიის ქალაქ სკაგენში ტანკერის კაპიტანი შეიცვალა და გუნდს ხუთი ინდიელი შეუერთდა. 14 დეკემბერს უსტ-ლუგაში ტანკერის ეკიპაჟს კიდევ ოთხი ადამიანი შეუერთდა. ბორტზე რამდენიმე ეროვნებით ქართველი მეზღვაურიც იყო.
გემი უსტ-ლუგას პორტიდან(ფინეთის ყურე) 25 დეკემბერს გავიდა და მიემართებოდა დასავლეთ თურქეთში მდებარე ალიაგას პორტში. დანიშნულების ადგილად ეგვიპტეში მდებარე პორტ საიდი იყო მითითებული.
ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის გემის ღუზით დაზიანების ეს უკვე მესამე შემთხვევაა ერთ წელიწადში.
2 დეკემბერს, დაზიანდა ფინეთ- შვედეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რამაც მასშტაბური საკომუნიკაციო პრობლემები გამოიწვია. მანამდე, 18 ნოემბერს ფინეთ-გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გაწყდა და მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.
25 დეკემბერს დაზიანებული Estlink 2 ელექტრო კაბელის შეკეთება ხანგრძლივი და ძვირი იქნება.