მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს კვლავ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია შირაქის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობს, რომ ისევ მოუგვარებელია ბაზარზე არსებული პრობლემები, რაც ფერმერებს აზარალებს.
ბენიანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრძანება, რომელიც 12 ივნისიდან ამოქმედდა და ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა, არ მუშაობს.
კერძოდ, წისქვილკომბინატებმა არ შეასრულეს ვალდებულება, რომელიც ფერმერებისგან მარცვლეულის შესყიდვას გულისხმობდა. ასევე, ფქვილის იმპორტზე დაწესებული 200-ლარიანი გადასახადი საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებითი მექანიზმის ამოქმედებაა საჭირო.
ამიტომ, ფერმერები 14 ივლისს საპროტესტო აქციას აანონსებენ. აქციას ისინი წნორში გამართავენ.
აქციაზე მეხორბლეები შემდეგ მოთხოვნებს დააყენებენ:
-
შესრულდეს პრემიერის ბრძანება, შესაბამისად, ის ვალდებულებები, რომელიც წისქვილკომბინატებმა აიღეს.
-
რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე დაწესდეს გადასახადი, რომელიც რუსეთის მიერ ექსპორტზე არსებული გადასახადის სარკისებური იქნება.
-
დაწესდეს 1 კგ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე 30-თეთრიანი გადასახადი. რადგან ქვეყანაში დიდი რაოდენობით საფურაჟე ხორბლის იმპორტი ხელს უშლის ადგილობრივი ხორბლის გაყიდვებს.
-
ფერმერებისთვის საბანკო ვალდებულებების გადანაწილება.
ნიკოლოზ ბენიანიძის თქმით, ფერმერებმა იაფი აგროსესხების 2-3 წლამდე გადავადება სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც ითხოვეს, მაგრამ მათი მხრიდან პასუხი არ მიუღიათ.
მემარცვლე ფერმერებს გასული წლის მოსავლიდან 9 ათას ტონამდე მოსავალი გაუყიდავი აქვთ. გაჩნდა პროდუქციის შენახვის პრობლემაც, რადგან წინა წლის ხორბალს წლევანდელი მოსავალიც დაემატა. იაფი რუსული ფქვილის შემოტანის გამო ხორბლის სარეალიზაციო ფასი შემცირდა და ამ დროისთვის ის 43-45 თეთრამდე ღირს.
მიმდინარე წლის 12 ივნისიდან ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ამოქმედდა – 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ზემოთ ყოველ კილოგრამ ხორბლის ფქვილზე 20 თეთრი, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარი გამოდის.