ფარმაცევტის პროფესიის მსურველთა რიცხვი მცირდება.
კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ფარმაციის ფაკულტეტებზე სტუდენტთა ნაკადები იკლებს. ამის შესახებ კომპანია გეფას ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული მართვის დირექტორმა დიანა ბურდულმა გადაცემა ბიზნესპარტნიორში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში სხვადასხვა სასწავლებელში ფარმაციის ფაკულტეტს სტუდენტების დაახლოებით 15% ამთავრებს. ისინი სხვა პროფესიაში გადასვლას ამჯობინებენ. შესაბამისად სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის.
„ეს სამსახური იმდენად რთული და სტრესულია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სხვა სფეროებში ინაცვლებს. კიდევ უფრო რთულია უკვე აყვანილი კადრების შენარჩუნება. ამიტომაც აუცილებელია დარგის მოთამაშეების კონსოლიდაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად”, – აღნიშნა გეფას წარმომადგენელმა.
მისი თქმით, კომპანია აპირებს, კადრების მომზადების და შენარჩუნების მიმართულებით ინვესტიციები ჩადოს, რათა სფერო განვითარდეს.
ფარმაცევტის პროფესიაზე უარის თქმის და კადრების კლების ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ, ამ სფეროში არსებული დაბალი ანაზღაურებაა. როგორც ამ სექტორში დასაქმებულები აღნიშნავენ, ისინი დატვირთული სამუშაო რეჟიმისა და სტრესული სამუშაოს შესაბამის გასამრჯელოს ვერ იღებენ.