თბილისში უძრავი ქონების ფასები გასული წლის ბოლო კვარტალშიც მზარდი იყო. ფასებმა მოიმატა როგორც ახალაშენებულ ბინებზე, ასევე კერძო სახლებზე.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%).
2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე – 8.6%-ით.
ინფორმაცია მოიცავს ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უბნების მიხედვით, უძრავ ქონებას ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე აქვს. შემდეგ მოდის ვაკე, მესამე ადგილი საბურთალოს უკავია.
რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს (RPPI), 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა.
2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსი 39.8%-ით არის გაზრდილი.