ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ახალი ვადით არჩევას. ამის შესახებ Politico, ევროკავშირის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება. ის ჯოზეფ ბორელს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წლის დეკემბრიდან იკავებდა.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტს პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა დაიკავებს. ის შარლ მიშელს შეცვლის.
ევროკავშირის ხელმძღვანელობის კანდიდატების განხილვაში მონაწილეობდნენ საბერძნეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მთავრობის მეთაურები, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი.
27 ივნისს ფონ დერ ლაიენის, კალასისა და კოსტას კანდიდატურები ბრიუსელში სამიტზე იქნება წარდგენილი.