უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway აგრძელებს Bank of America-ში საკუთარი წილის გაყიდვას.
მილიარდერის კომპანიამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაყიდა 25 მილიონამდე აქცია, რომლის ჯამური ღირებულება თითქმის 1 მილიარდი დოლარია.
Berkshire Hathaway-ს ივლისის შემდეგ უკვე გაყიდული აქვს Bank of America-ს 116 მილიონი აქცია, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბანკის დაახლოებით 903,8 მილიონ აქციას, რაც სრული პაკეტის თითქმის 12%-ს შეადგენს.
Bank of America რჩება Berkshire-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციად, Apple-ის მსხვილი პაკეტისა და American Express-ის ინვესტიციის შემდეგ. ცნობისთვის, ბაფეტმა გაანახევრა Apple-ში საკუთარი წილი და სანაცვლოდ რეკორდული თანხა, $277 მილიარდი მიიღო.
რატომ ყიდის ბაფეტი Bank of America-ს აქციებს? მილიარდერი ინვესტორი არასდროს საუბრობს, რატომ ყიდულობს ან ყიდის აქციებს. სპეციალისტების აზრით, ინვესტორი ფიქრობს, რომ საფონდო ბაზარი გადაჭარბებულია და ცდილობს მის ვარდნამდე ფასიანი ქაღალდები მაღალ ფასად გაყიდოს.
Bank of America-ს აქციის ფასი ოთხშაბათს 0,6%-ით დაეცა და $39,42 შეადგინა. აქციების გაიაფება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაფეტის კომპანიამ ბანკში წილის შემცირება დაიწყო. მანამდე ფასიანი ქაღალდების ღირებულება დაახლოებით $44 იყო.