ევროკავშირის ხუთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ბრიუსელს ევროკავშირში უკრაინული ექსპორტის შეზღუდვის თხოვნით მიმართა.
ევროკომისიის პრეზიდენტის – ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი წერილი პოლონეთის მთავრობის ვებგვერდზე 31 მარტს გამოქვეყნდა. ამის შესახებ DW წერს.
უკრაინიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ითხოვს.
ეს ქვეყნები ევროკომისიას მიმართავენ, მიიღოს ზომები, უკრაინიდან სურსათის, მათ შორის, მარცვლეულის, მზესუმზირას, კვერცხის, ფრინველისა და შაქრის ექსპორტის შესამცირებლად, რომელიც „უპრეცედენტო დონემდე“ არის გაზრდილი.
ისინი ითხოვენ გარანტიას, რომ უკრაინული მარცვლეული ევროკავშირის ბაზარზე არ დარჩება. ასევე, პრემიერ-მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მეტი თანხების გამოყოფა ევროპელი ფერმერების დასახმარებლად და უკრაინასთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დასაჩქარებლად. მათ, ასევე, ევროკომისიას შესთავაზეს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანა, რაც შეტანილი სურსათის მოცულობას დაარეგულირებს.
„თუ ეს ზომები უშედეგო იქნება, უკრაინულ საქონელზე ტარიფები და სატარიფო კვოტები უნდა აღდგეს“, – მიიჩნევენ პრემიერ-მინისტრები.
„მოდით, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ გავაკეთოთ ეს გონივრულად და, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისა და პოლონელი ფერმერების ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ“, – დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ Twitter-ზე.
ცნობისთვის, პოლონეთმა და რეგიონის სხვა ქვეყნებმა უკრაინას მარცვლეულის მესამე ქვეყნების ბაზრებზე ტრანზიტში დახმარება შესთავაზეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა პორტები ჩაკეტა.
ევროკავშირმა ასევე გააუქმა საბაჟო გადასახადები და საიმპორტო კვოტები ტრანსპორტირების გასაადვილებლად. თუმცა, ლოგისტიკური პრობლემების გამო მარცვლეული მეზობელ ქვეყნებში დაგროვდა და ადგილობრივ ბაზარზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ამას ადგილობრივი ფერმერების პროტესტი მოჰყვა.
ბრიუსელმა დაზარალებულ ფერმერებს €56,3 მილიონის კომპენსაცია შესთავაზა, თუმცა, ფერმერებიც და მთავრობებიც თანხას არასაკმარისად მიიჩნევენ.
როგორც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეჩოვსკიმ განაცხადა, ევროკავშირი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საბაჟო გადასახადების შემოღებას არ აპირებს.