ევროკომისიამ უკრაინიდან აგროპროდუქტების ევროკავშირის ქვეყნებში დაუბეგრავად იმპორტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, – ამის შესახებ The Guardian წერს.
ევროკომისიამ გადაწყვეტილების შესახებ 31 იანვარს განაცხადა. ომში მყოფი ქვეყნისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შენარჩუნების პარალელურად, ევროკომისია ცდილობს, როგორმე შეაჩეროს ფერმერების პროტესტი საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.
ევროკომისიამ უკრაინაში წარმოებულ აგროპროდუქციას იმპორტის გადასახადი 2022 წელს შეუჩერა, რათა დახმარებოდა ეკონომიკას რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
ცნობისთვის, ფრანგმა და ბელგიელმა ფერმერებმა ოთხშაბათს მაგისტრალები და მთავარ საკონტეინერო პორტთან მისასვლელი გზები გადაკეტეს, რათა აიძულონ მთავრობა, დაიცვას ისინი ფასების ზრდისა და იაფი იმპორტისგან.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტმა მაქსიმალურ დონეს მიაღწია. ევროპული აგროპროდუქცია იაფ უკრაინულ იმპორტთან არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდა, რაც ადგილობრივი ფერმერების უკმაყოფილებას იწვევს. არაერთ ქვეყანაში მიმდინარე გაფიცვების მიუხედავად, ევროკომისიამ უკრაინისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ძალაში დატოვა.