ლიეტუვას უდიდესი პორტი მზადაა, უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმაროს.
მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, პორტ კლაიპედას ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მზად არის 10 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გადაზიდოს.
თუმცა, პორტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბალტიის ზღვის სანაპირომდე ტვირთის მიწოდების ლოგისტიკა უკიდურესად რთულია. კერძოდ, ტვირთის ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქვეყანასთან ხელშეკრულებები სჭირდება და ეს საკითხი თუ მოგვარდება, კლაიპედას პორტი უკრაინული მარცვლეულის 100%-ით მომსახურებას შეძლებს.
პორტის ამჟამინდელი სიმძლავრე 10-15 მილიონი ტონა მარცვლეულია, მათ შორის, ლიეტუვას მარცვლეულის ექსპორტი დაახლოებით 3,5 მილიონი ტონაა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ხორვატია უკრაინას სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტს მარცვლეულის დერეფნისთვის – თავის სარკინიგზო ქსელს და პორტებს – ადრიატიკის ზღვაში უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.
როგორც ცნობილია, 18 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც 2022 წლის ივლისიდან მოქმედებდა.
ამის შემდეგ სადაზღვევო ბროკერებმა უკრაინიდან საზღვაო ტვირთების დაზღვევა შეწყვიტეს.