უკრაინის არმია პოლონეთში წარმოებულ 100 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორ Rosomak-ს მიიღებს. ტექნიკის საფასურს ევროკავშირი და აშშ გადაიხდიან.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საკუთარ Twitter-ზე წერს.
„უკრაინის არმია ჩვენგან შეისყიდის 100 ცალ Rosomak-ს, რომელიც საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორია. მათი შესყიდვა მოხდება ევროკავშირისა და აშშ-ის ფულით“ – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ Zakładach Rosomak S.A .-ის ქარხანაში ვიზიტისას.
8×8-ბორბლიანი Rosomak ფინური ჯავშანმანქანის Patria AMV ლიცენზირებული ვარიანტია, რომელიც იწარმოება პოლონეთში როგორც BMP, ასევე, APC ვერსიით.
ჯავშანტრანსპორტიორი აღჭურვილია 30 მმ-ის Mk44 ქვემეხით და 7,62 მმ UKM-2000C ტყვიამფრქვევით.
პოლონეთის მთავრობამ დაიწყო ეროვნული პროგრამა, რომელიც €426,7 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალის წარმოების სტიმულირებას ითვალისწინებს.
20 მარტს ევროკავშირის 17 ქვეყანა და ნორვეგია საბრძოლო მასალის ერთობლივად წარმოებასა და შესყიდვაზე შეთანხმდნენ, რათა შეივსონ თავიანთი მარაგი და დააკმაყოფილონ უკრაინის საჭიროება. ეს გეგმა 12 თვის განმავლობაში უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას ითვალისწინებს.