უახლოეს დღეებში უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ განაცხადა.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინამ დაკარგა პოლონეთთან დავის მოგვარების იმედი, რომელიც მარცვლეულის ექსპორტს შეეხება და ამიტომაც კიევმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართა. პოლონეთმა გააგრძელა უკრაინული მარცვლეულის აკრძალვა და პროდუქტების ჩამონათვალს ფქვილიც მიუმატა.
მისი განმარტებით, უკრაინამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაარწმუნოს პოლონეთი, გადადგას ნაბიჯი უკან და დათანხმდეს ევროკავშირის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შემუშავებულ მექანიზმს.
როგორც ცნობილია, 15 სექტემბერს ევროკომისიამ გააუქმა უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირას და რაფსის იმპორტის დროებითი აკრძალვა ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში –პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.
სანაცვლოდ, უკრაინა დათანხმდა ექსპორტის ლიცენზირების სისტემის შემოღებას, რათა არ მოხდეს მისი მარცვლეულის ექსპორტის მკვეთრი ზრდა. უკრაინამ შესაბამისი სამოქმედო გეგმა 18 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.