რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან $100 მილიარდის სამხედრო დახმარება აქვს მიღებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
რეზნიკოვისთვის ბოლო დღეებია მინისტრის პოსტზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რეზნიკოვი თანამდებობას დატოვებს და მას რუსტემ უმეროვი შეცვლის.
ამ თანხაში შედის სამხედრო ტექნიკა, იარაღი, საბრძოლო მასალა და ჭურვები. უკრაინამ მთელი დახმარების ნახევარზე მეტი – თითქმის $60 მილიარდი შეერთებული შტატებისგან მიიღო.
რეზნიკოვის თქმით, ახლა კიევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საჰაერო თავდაცვა.
„ეს არის ახალი, თანამედროვე სისტემის კომპლექსები, როგორიცაა Patriot, NASAMS, SAMP/T, Iris-T, ასევე, Stinger, Starstreak; აგრეთვე, სხვადასხვა ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და. რა თქმა უნდა, ავიაცია… დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ F-16 გვექნება“, – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
მისი შეფასებით, ამერიკული F-16 გამანადგურებლებს უკრაინას 2024 წლის გაზაფხულზე მიაწვდიან.
როგორც ცნობილია, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ F-16-ების კიევში გაგზავნას მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფრინავები მათზე სწავლებას დაასრულებენ.