უკრაინის ეროვნული ბანკის საბჭომ განაკვეთის 15%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭომ გადაწყვეტილება ვალუტის კურსის დასტაბილურებისა და 2024 წელს ზომიერი ინფლაციის შენარჩუნების აუცილებლობით ახსნა.
უკრაინის ეროვნული ბანკის განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის წყალობით, ინფლაცია გასულ წელს მნიშვნელოვნად შენელდა.
ნოემბერში უკრაინაში ინფლაცია წლიურ 5.1%-მდე შემცირდა და დეკემბერშიც იმავე დონეზე დარჩა.
ფასების შემცირებას ხელი შეუწყო ქვეყანაში კარგმა მოსავალმა და ენერგომატარებლების გაიაფებამ. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბინაო და კომუნალურ ტარიფებზე მორატორიუმის გამოცხადებამ.
ეროვნული ბანკი 2024 წელს ზომიერ ინფლაციას, 2025 წელს კი მის მიზნობრივ დონემდე ჩამოსვლას ელოდება.
„2025 წელს ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე დიაპაზონს და წლის ბოლოს შენელდება 5,8%-მდე, ხოლო 2026 წელს – 5%-მდე, ამას ხელს შეუწყობს უსაფრთხოების რისკების შემცირება”, – განმარტავს უკრაინის ეროვნული ბანკი.