2025 წლის 1 იანვარს შეწყდა რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ამით დასრულდა ორ ქვეყანას შორის 2019 წელს გაფორმებული ხუთწლიანი ხელშეკრულება. გარიგება მომგებიანი იყო, კრემლი მილიარდებს იღებდა, კიევი კი ტრანზიტის საფასურს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროპას მიეცემა საშუალება, არ დაუშვას უკრაინის სისხლით კრემლის მიერ “დამატებითი მილიარდების გამომუშავება”.
“ეს ევროპაზე რუსეთის ეკონომიკური გავლენის ეპოქის დასასრულს ნიშნავს”, – ასე აფასებს დასავლური პრესა ტრანზიტის შეწყვეტას.
ევროპამ რუსული გაზის იმპორტის შემცირება 2022 წლის ომის შემდეგ დაიწყო. ბრიუსელის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსული აირი 2023 წელს ბლოკის მთლიანი გაზის იმპორტის დაახლოებით 8%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 40%-ზე მაღალი იყო.
ევროპამ ალტერნატიული მომწოდებლები მოიძია, კატარისა და შეერთებული შტატების სახით. შედეგად, “გაზპრომმა” ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად $7 მილიარდის ზარალი აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული გაზის იმპორტს, აღმოსავლეთ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია და სლოვაკეთი, მაინც დიდწილად მასზეა დამოკიდებული. სერიოზულ ზარალს განიცდის მოლდოვა, სადაც ენერგოკრიზისი დაიწყო.
პრევენციული მომზადების მიუხედავად, რუსული აირის შეწყვეტა ევროპაზე მაინც მოახდენს გავლენას, რადგან ენერგო ხარჯები გაიზარდა.
უკრაინა ამ გადაწყვეტილებით წლიურად დაახლოებით 1 მილიარდ ევროს სატრანზიტო შემოსავალს დაკარგავს, ხოლო გაზპრომი 5 მილიარდ ევროს.
რას აპირებს ევროპა
ევროკომისიამ, დეკემბერში გამოაქვეყნა გეგმა, როგორ დაეხმარება თავის წევრ ქვეყნებს რუსული გაზის სრულად ჩანაცვლების გზაზე.
სქემა მოიცავს მოიცავს აირის ნაწილობრივ შევსებას ბერძნული, თურქული და რუმინული გაზით ტრანსბალკანური მარშრუტის მეშვეობით. კიდევ ერთი ვარიანტი არის ნორვეგიული გაზის მიწოდება პოლონეთის გავლით. თუმცა, გეგმა ლოგისტიკურად რთულია, რადგან ის ათწლეულების მანძილზე არსებული სისტემების შეცვლას საჭიროებს.
რუსეთი 1991 წლიდან ახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ევროპაში უკრაინის გავლით. პიკის დროს, მოსკოვი ევროპის გაზის ბაზრის დაახლოებით 35%-ს იკავებდა.
უკრაინამ ბოლო მოუღო რუსეთის ენერგეტიკულ შანტაჟს ევროპაში, მაგრამ თავს იჩენს ახალი პრობლემები- კრემლი გაზსადენზე თავდასხმებით იმუქრება. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა რუსები დაიწყებენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მილსადენებზე, რომლებიც აქამდე ხელუხლებელი რჩებოდა.