„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონის წინ წამოწევის გამო”,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება იზიარებს ევროკავშირის პოზიციას, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს.
„როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს – ევროკავშირში სრული ინტეგრაციის სურვილს”,- აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა გამჭვირვალობის ხელშეწყობას არ ემსახურება..
„საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. თუ მიღებული იქნება, შემოთავაზებული კანონმდებლობა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც ამ ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის მუშაობენ. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 17 აპრილს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის” კანონს. მას ხმა 83-მა დეპუტატმა მისცა.