„ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი ციანს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლი ციანს ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პოტენციალის და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
განიხილეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში რეგიონული ინიციატივები, რომლებიც გაზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესაძლებლობას, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი.
საუბარი იყო თანამშრომლობაზე ციფრული ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის ქვეყანაში 5G ტექნოლოგიების განვითარებისა და მონაცემთა ცენტრების შექმნის, ციფრული დერეფნისა და საქართველოში რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით.