მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ჯარიმა 50 ლარს შეადგენს. ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სანქცია არ ეკისრება.
კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, საჯარიმო სანქციები გამკაცრდება.
კერძოდ, ტექინსპექტირების გაუვლელობის გამეორებაზე ჯარიმა 150 ლარი გახდება. ხოლო, იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
150 ლარით დაჯარიმდება ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, თუ ის სანქციის დადებიდან 30 დღის განმავლობაში, განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას. ამ შემთხვევაშიც, იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
თუ აღნიშნული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა:
– ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 700 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით – ერთხმად, დაამტკიცა.
კანონპროექტი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.