ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დასადგენად საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გეგმური ტარიფების დადგენაზე მუშაობა პირდაპირპროპორციულად ტარიფების მატებას არ ნიშნავს.
რიგი კომპანიებისათვის ტარიფების მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება. შესაბამისად, კომისია ვალდებულია, ტარიფის ვადის ამოწურვამდე 180 დღით ადრე დაიწყოს კომპანიებისათვის მომდევნო წლებზე გათვლილი, ახალი ტარიფების დასადგენა.
ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენა მოხდება შემდეგ კომპანიებისთვის:
- შპს ვარდნილჰესების კასკადი
- სს ეპ ჯორჯია გენერაციის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურები (ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი, გუმათჰესების კასკადი);
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური ჟინვალჰესი
ასევე, დაიწყო გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა კომპასნიებისთვის:
- შპს გარდაბნის თბოსადგური
- შპს ჯიფაუერი
ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდებისთვის ტარიფების დადგენა კომპანიებისთვის:
- სს ეპ ჯორჯია მიწოდება
- შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია
წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მიზნით შემდეგი კომპანიებისთვის:
- შპს საჩხერის წყალკანალი
- შპს საგარეჯო
- შპს ბათუმის წყალი
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შპს რუსთავის წყალი
სემეკის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 დეკემბერი, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების სემეკში წარმოდგენის ბოლო ვადად – 17 აგვისტო.
სემეკი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოებების პროცესი საჯაროა და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებგვერდზე.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ადმინისტრაციული წარმოებით განსაზღვრულ ვადებში, საკითხთან მიმართებაში დააფიქსიროს მოსაზრება წერილობითი ფორმით. დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია, არ მიუთითოს ვინაობა.