მთავრობამ საკუთარ ინიციატივაზე, რომელიც სურსათზე ფასების რეგულირებას ითვალისწინებდა, უარი თქვა.
„კანონპროექტის მიღება იმდენად აქტუალურად არ მიგვაჩნია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, პრობლემური საკითხები, რომლებიც სამართლიან ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებობდა, მოგვარდა.
კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით დარეგულირებულია.
დისტრიბუტორებმა, იმპორტიორებმა და საცალო გამყიდველებმა პრობლემები განიხილეს და კითხვები, რომლებიც არსებობდა, გაითვალისწინეს, რამაც სურსათზე ფასები შეამცირა და ახალი კანონის მიღება აქტუალური აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესი მთავრობის ინიციატივას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. მათი შეფასებით, კანონპროექტის მიღება მათ საქმიანობაში ჩარევას ნიშნავდა და ფასების ხელოვნურად დარეგულირება სწორი ფორმა არ იყო.
ახლა ეკონომიკის მინისტრი თავადაც ამბობს, რომ რეგულაცია ბიზნესზე ზემოქმედების რისკს შეიცავდა.
„ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ხოლმე ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს ბიზნესზე…
დღეს ჩვენ დიდი კითხვის ნიშანი კონკურენციის კუთხით არ გაგვაჩნია და შედეგებიც ვნახეთ, ეს აისახა კიდეც სურსათის ფასებზე და ბევრი მიმართულებით პრობლემა მოხსნილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ გადაწყვეტილების მიღებას და დაველოდებით იმ შედეგებს, რომელიც იქნება, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს”, – განაცხადა დავითაშვილმა.