სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები წესდება.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის მკაცრდება მოთხოვნები, რომელიც შეეხება ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
კლინიკა ვალდებული იქნება, დაწესებულებაში გამოყოს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. გარდა ამისა, სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.
ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება სავალდებულო. ახალი დაწესებულებები მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას. მათ საქმიანობის ნებართვის მისაღებად შესაბამისი შემოწმების გავლა მოუწევთ. კლინიკებს ადგილზე შეამოწმებს რეგულირების სააგენტო.
ხოლო არსებულ კლინიკებს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და ხარვეზების გამოსასწორებლად ჯანდაცვის სამინისტრო 2 თვის ვადას აძლევს.
მოქმედი კანონით, საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის არანაირი ნებართვა არაა საჭირო. რეგულირებისგან თავისუფალი სექტორი საქართველოში აქტიურად განვითარდა და ამჟამად ბაზარზე 2 000-მდე კლინიკა და მაღალი კონკურენციაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზარზე არის კლინიკები, სადაც სერვისი და ჰიგიენური ნორმები სათანადოდ არ არის დაცული.
ცვლილებების პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მთავრობა აცხადებს, რომ ცვლილებები პაციენტის უსაფრთხოების დაცვის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.