საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია $173 მილიონის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. სანაცვლოდ, რუსეთში ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.
ევრკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო ექსპორტის შემცირება ძირითადად, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის კლებამ გამოიწვია. ექსპორტის შემცირებაში წვლილი თხილის გაიაფებამაც შეიტანა.
ევროკავშირის ბაზარზე გატანილი საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქციის ჩამონათვალი 2022 წელსაც უცვლელი დარჩა.
ევროკავშირის ბაზარზე ძირითადი საექსპორტო საქონელია:
- თხილი პირველადი და გადამუშავებული სახით – 49%
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 18%
- სპირტიანი სასმელები – 14%
- მინერალური და მტკნარი წყლები – 5%
თხილის ექსპორტი რაოდენობრივად 4%-ით გაიზარდა, მაგრამ საექსპორტო ფასი 8%-ით შემცირდა.
რუსეთში გავიდა $419 მლნ. პროდუქცია, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 33%-ს შეადგენს.
ექსპორტის ზრდა ძირითადად განაპირობა ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ზრდამ, რომელთა ღირებულება წინა წელთან შედარებით, შესაბამისადს $30.1 მლნ, $15.5 მლნ და $13.5 მლნ-ით გაიზარდა და $160.9 მლნ $56.7 მლნ და $39.5 მლნ შეადგინა.
სულ, 2022 წელს, საქართველოდან $1.26 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.