სლოვაკეთი უკრაინულ მარცვლეულს მასში პესტიციდების აღმოჩენის საბაბით კრძალავს.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკრაინიდან შემოტანილი მარცვლეულის გადამუშავების და რეალიზაციის აკრძალვის ბრძანება გასცა.
აკრძალვის მიზეზად უკრაინიდან შეტანილ 1500 ტონა ხორბალში პესტიციდის აღმოჩენა დასახელდა.
ამ საკითხს პარასკევის შეხვედრაზე რუმინეთისა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებიც განიხილავენ. როგორც ცნობილია, ადგილობრივთან შედარებით იაფი უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ამ ქვეყნებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო არ ასახელებს, რა ვადით შემოიღეს შეზღუდვა.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინული იაფი მარცვლეული დიდი რაოდენობით შევიდა და იქედან მხოლოდ ნაწილი გავიდა ტრანზიტით ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ამან ადგილობრივ ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. პოლონეთმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ დროებით შეწყვეტს უკრაინული მარცვლეულის იმპორტს.