სლოვაკეთს მომავალ ზამთარს რუსული გაზი აღარ დასჭირდება, ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა კარელ გირმანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს სლოვაკი მომწოდებლების ძალისხმევის შედეგია, რომლებიც მუდმივად მუშაობენ იმპორტის დივერსიფიკაციისთვის.
ქვეყნის უმსხვილესმა მიმწოდებელმა, კომპანია SPP-მა, გამოაცხადა, რომ 2024 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი ბრიტანულ BP-თან, რომელიც სლოვაკეთს ბუნებრივ აირს ჩრდილოეთი ზღვის საბადოებიდან აწვდის.
SPP-მა ასევე გააფართოვა თანამშრომლობა ExxonMobil-თან. ახალი კონტრაქტები გააფორმა Shell-თან, ENI-თან და RWE-თან 2023 და 2024 წლების ზამთრის სეზონისთვის.
ამჟამად SPP-ს მომხმარებლების დაახლოებით 70%-ს ამარაგებს არარუსული წყაროებიდან. შარშანდელთან შედარებით, სლოვაკეთმა წლევანდელ სეზონზე, 20%-ზე მეტი აირი დაზოგა თბილი ზამთრისა და მომხმარებელთა მხრიდან გაწეული ეკონომიის ხარჯზე.
ევროკავშირის გაზის საცავები ამჟამად დაახლოებით 55%-ით არის შევსებული.